კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 11 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება.
პროექტი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი იმ ეპოქას გააცოცხლებს, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი.
ღონისძიება კლასიკური კონცერტის ფორმატს სცდება. საოპერო მუსიკის, თეატრალური დადგმის, ცოცხალი თხრობისა და უნიკალური საარქივო მასალის სინთეზი ერთიან დრამატურგიულ ნარატივად იკვრება, რომელიც მაყურებელს ქართული ოპერის გამორჩეულ პერიოდში ამოგზაურებს.
მონაწილეები: რეჟისორი - კოკო როინიშვილი; მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი - ლევან ჯაგაევი; მეცო-სოპრანო - ქეთევან ქემოკლიძე;
თანაავტორი და წამყვანი - ნიკოლოზ წულიკიძე.
Opera Gala-ს შესახებ:
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი არაკომერციული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილი“-ის პროექტია, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა, ახალგაზრდა ქართველი მომღერლების პროფესიული მხარდაჭერა და ქართული ოპერის საერთაშორისო კავშირების გაძლიერება.
პროექტი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ქართულ კულტურასთან პირადი, პროფესიული და ოჯახური კავშირი აქვთ. მის დამფუძნებლებს შორის არიან ინგა გოცირიძე-ფერლი - სანდრო ინაშვილის შვილიშვილი, ალექსანდრე თავხელიძე, ნიკოლოზ წულუკიძე, დავით და გიორგი ფოცხვერიები. ალექსანდრე თავხელიძე - ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილი“-ის თავმჯდომარე.
„Opera Gala სარაჯიშვილი & ინაშვილის გუნდის სახელით წარმოგიდგენთ კულტურულ ინიციატივას, რომელიც ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენასა და ახალგაზრდა მომღერლების პროფესიულ ხელშეწყობას ემსახურება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ წულუკიძემ შეკრიბა ვარსკვლავური შემოქმედებითი გუნდი და 11 სექტემბერს ნამდვილი კულტურული ზეიმი გველოდება წინ.“
Opera Gala გაიმართება 2026 წლის 11 სექტემბერს, 20:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.