ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნესს ინსაიდერი საქართველო“ - სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ხარისხისა და ვადების კონტროლის გამკაცრებასა და ე.წ. „თეთრი სიის“ განახლების პროცესზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, „თეთრი სიის“ მექანიზმის გაუმჯობესებაზე არაერთი კონსულტაცია გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ახალ წესებსა და მიდგომებზე.
მისი განმარტებით, „თეთრი სიის“ სისტემა თავდაპირველად ბიზნესის წასახალისებლად შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა მექანიზმად, რომელიც ცალკეულ კომპანიებს არასამართლიან უპირატესობას ანიჭებდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხები და ისინი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. მისივე თქმით, სწორედ ამ რისკების გამო გახდა აუცილებელი სისტემის გარდაქმნა.
„კომპანიებს ავანსს ვაძლევდით, ხოლო უზრუნველყოფის სახით მხოლოდ ნახევარს ვთხოვდით, რაც სახელმწიფოსთვის დიდ რისკს წარმოადგენდა. სამშენებლო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შევჯერდით ახალ ნორმებზე – ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო 2029 წლიდან მთლიანად ახალ მოდელზე გადავალთ“ - განაცხადა მინისტრმა.
სოხაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია სახელმწიფო რისკების შემცირება, ხარისხზე ორიენტაციის გაძლიერება და სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნა სამშენებლო სექტორში.
მისივე თქმით, გაძლიერებული კონტროლი ხარისხსა და ვადებზე შეჯერებულია სამშენებლო სექტორის მოსაზრებებთანაც, განსაკუთრებით ფასწარმოქმნის ნაწილში.
„წლების განმავლობაში ფასწარმოქმნის არსებული სისტემა აზიანებდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას - ტენდერები ხშირად არარელევანტური ფასებით ცხადდებოდა. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ჩაერთოს ფასის განსაზღვრაში, რათა შეფასება საბაზრო ფასს დაეფუძნოს“ - აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხარჯთეფექტურობა არ ნიშნავს ხარისხის შემცირებას.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად შეიძლება ხარისხიანი პროექტის განხორციელება. ჩვენი ამოცანაა ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და გონივრული ვადები. ეს კი უზრუნველყოფს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების - გამჭვირვალე, ეფექტური და ხარისხიანი მიდგომებით“ – განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიღებულია სამშენებლო ბიზნესთან, მშენებელთა ასოციაციებთან და სხვადასხვა უწყებებთან უწყვეტი თანამშრომლობის საფუძველზე. პროცესში აქტიურადაა ჩართული სამხარაულის ეროვნული ბიუროც.




