ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და აღნიშნეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.
მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.
მხარეებმა იმსჯელეს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების, მათ შორის, პოლონური კომპანიების ქართულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე და საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რობერტ ბაკი.




