„ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელზეც საგარანტიო პერიოდი მოქმედებს, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. გამოვლენილ ხარვეზებზე ჩვენი რეაგირება იქნება მკაცრი — კონტრაქტორი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში ყველა ასეთი ხარვეზი საკუთარი ხარჯით გამოასწოროს. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზეც“, — ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ სამინისტროს მიდგომა უცვლელია და ყველა ხარვეზზე, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობისას ან პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ — ამ საკითხში უკომპრომისოები ვართ. თუ ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორს ეძლევა შესაბამისი მითითება და მისი გამოსწორება ხდება კონტრაქტორის ხარჯით. სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზეც სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების სრულფასოვნად შესასრულებლად გზაზე მოძრაობა ოთხი დღით დროებით იზღუდება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ანალოგიური მონიტორინგი მიმდინარეობს სხვა საგარანტიო პერიოდში მყოფ საგზაო პროექტებზეც. მათ შორის, გარკვეული ხარვეზებია გამოვლენილი საგარეჯოს მიმართულებით გახსნილ ავტომაგისტრალზეც, რის შესახებაც კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიეცა შესაბამისი მითითება და მათი გამოსწორება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„საგარანტიო პერიოდის არსიც სწორედ ის არის, რომ ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება კონტრაქტორს ეკისრება და ამისთვის სახელმწიფო დამატებით თანხას არ იხდის. ასეთი მიდგომა გვექნება ყველა გზასა და ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტთან მიმართებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თითოეული ლარის სანაცვლოდ ქვეყანამ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა მიიღოს“, — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე გადაერთვება და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით. გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.