რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს აშშ-ევროპის ალიანსის დაშლის მცდელობად მიიჩნევს.

რომის პაპს ჟურნალისტებმა ტრამპის ბოლო განცხადებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს, კერძოდ, რამდენად სამართლიანია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“.

„სამწუხაროდ, მე მჯერა, რომ ამ სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც ვნახე, მნიშვნელოვნად ცვლის იმას, რაც მრავალი წლის განმავლობაში ევროპასა და აშშ-ის შორის ნამდვილი ალიანსი იყო. ევროპასთან დაკავშირებული შენიშვნები, რომლებიც ასევე ბოლო ინტერვიუებში გაკეთდა, ჩემი აზრით, იმის დაშლის მცდელობაა, რაც დღეს და მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი უნდა იყოს“, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი ხედვა ევროპასა და მასთან ურთიერთობებზე, მაგრამ ბევრი ადამიანია, მათ შორის აშშ-ში, ვინც „სხვანაირად ფიქრობს“.

ამასთან, რომის პაპმა ლეო XIV-მ აღნიშნა, რომ ევროპის გარეშე უკრაინაში მშვიდობის მიღწევა არარეალურია.

„ევროპის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპული ქვეყნების ერთიანობა მართლაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ევროპის მოლაპარაკებებში ჩართვის გარეშე არარეალურია“, – განაცხადა რომის პაპმა.


თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი