საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განცხადებით,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება ასოციაციას არ მოუთხოვია.

„ჩვენ რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს საქმე აერთიანებს 140 სუბიექტს, ვინც დავობს ამ კანონთან დაკავშირებით. ეს გაიგზავნა ოქტომბერში, თუ სწორად მახსოვს, 17 ოქტომბერს. ჩვენ ამ დავის ფარგლებში არ მოგვითხოვია ამასთან დაკავშირებით, როდესაც პრეზენტაციაც გავაკეთეთ ამ საჩივრის და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ მოგვითხოვია უზრუნველყოფის ამ ფორმის გამოყენება კონკრეტულ დროს“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

კითხვაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში თუკი ითხოვდა საია კანონის შეჩერებას, რატომ არ მოითხოვა იგივე ევროპულ სასამართლოში, ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ „ერთმანეთისგან განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცედურები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურები“.

„ჩვენ მივუყვებით იმ დავის სტრატეგიებს, რაც გვაქვს კონკრეტულ შემთხვევაში და რაც გვქონდა რუსული კანონის გასაჩივრების დროს, მივუყვებით იმ პროცედურებს და მექანიზმებს, რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო, შეეჩერებინა ეს კანონი. ყველას ახსოვს ის განხილვები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ რუსული კანონის შეჩერების ყველა წინაპირობა იყო. ამის წინაპირობები როდესაც იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, მაშინ მოვითხოვდით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის განხილვის დრო ჯერ არ იყო.

ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმედი და სწორედ ამიტომ ვდავობთ ყველა იმ საკითხზე, რაზეც ქვეყნის შიგნით ვერ ვაღწევთ სამართლიან გადაწყვეტილებებს. ეს ეხება საარჩევნო საკითხებზე დღეს ჩვენ მიერ გაჟღერებულ საქმეს, ეხება ყველა სხვა საქმეს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვაგზავნით. ყოველთვის ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ვენდობით მას და ამიტომ ვაგზავნით იქ საქმეებს, განსხვავებით ქვეყნის შიგნით არსებული სასამართლო სისტემისგან, რომელიც, სამწუხაროდ, იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც არც დასაბუთებულია, არც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტებს აკმაყოფილებს და შესაბამისად, საჭირო ხდება ხოლმე დავის გაგზავნა“, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.

კითხვაზე, როდის აპირებს საია ევროპულ სასამართლოში დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერებას, ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ „საჭირო როცა იქნება, ამას განაპირობებს შესაბამისი მოვლენების განვითარება“.

„საჭიროდ როდესაც ჩავთვლით, მაშინ მივმართავთ შესაბამის მექანიზმებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. როცა ჩავთვლით, რომ არის საჭირო დრო, მაშინ მივმართავთ. ამას განაპირობებს შესაბამისი მოვლენების განვითარება“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.