საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშით აფასებს აზბესტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პრაქტიკულ მდგომარეობას საქართველოში ადამიანის უფლებების კონტექსტში.
აზბესტი წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ ნივთიერებას და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან.
ანგარიში მიმოიხილავს აზბესტის გავლენას შრომითი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოზე უფლების რეალიზებაზე. დოკუმენტში გაანალიზებულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე ეროვნული რეგულაციები და ცალკეული მუნიციპალიტეტების პრაქტიკა.
ანგარიშში გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის:
საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები;
აზბესტის ზოგიერთი სახეობა, მათ შორის ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი), საქართველოში კვლავ დაშვებულია;
არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას;
არ არსებობს აზბესტის შემცველი მასალების სისტემური გამოვლენისა და აღრიცხვის მექანიზმები;
მუნიციპალიტეტების პრაქტიკა აზბესტის შემცველი ინფრასტრუქტურის მართვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია;
მოსახლეობის ცნობიერება აზბესტის საფრთხეებზე დაბალია.
სახალხო დამცველი თავის ანგარიშში რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას - საკითხის კომპლექსური რეგულირების მიზნით, ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს ეროვნული სტანდარტის საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობას და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
🔗 იხილეთ სპეციალური ანგარიში: https://tinyurl.com/48av842s




