გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი.
დოკუმენტი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.
სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება მოიცავს არსებული ვაზის არანაკლებ 50%-ის გამორგვა-ჩანაცვლებას; ასევე გახშირებას, გადამყნობას სხვა ჯიშებით;
თანხმობის მიღებისათვის განმცხადებელმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია. (https://wine.gov.ge/Ge/Files/Download/15604)
სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ განმცხადებელი ვერ წარადგენს ამ წესით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას ან წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის ღვინის წარდგენა, რომელიც იწარმოება მაღალი ხარისხის ყურძნისგან.




