საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისი ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებას მასპინძლობს. სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ირანელ სპორტსმენს, ალი პაკდამანს, დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 13:15 დათმო და ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა

.ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი გახდა, ვერცხლის მედალი ალი პაკდამანს ერგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი, სანდრო ბაზაძესთან ერთად, იტალიელმა ლუიჯი სამელემ მოიპოვა.მსოფლიოს თასის გათამაშებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ფარიკაობის მსოფლიოს ფედერაციის (FIE) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მსოფლიოს თასის გათამაშებაში 42 ქვეყნის 204 სპორტსმენი, მათ შორის FIE-ს მსოფლიოს რეიტინგის 15 საუკეთესო მოფარიკავე მონაწილეობს.

მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო პერიოდი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ თბილისში მიმდინარე ასპარეზობა რეიტინგის გასაუმჯობესებლად და ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ერთ-ერთი ბოლო შანსია. ხმლით მოფარიკავე მამაკაცებს თბილისის შემდეგ ქულების დაგროვება მხოლოდ პადუისა და ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის გათამაშებებში შეეძლებათ.ინფორმაციისთვის: საქართველოში ჩატარებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში სანდრო ბაზაძემ მედალი მეორედ მოიპოვა. პირველად მან ისტორიული გამარჯვება 2022 წელს თბილისში გამართულ შეჯიბრებაში იზეიმა და ამ შედეგით პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიოს თასის მოგება შეძლო.