საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ამ დროისთვის, მამულში სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია, კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს, ე.წ. ორანჟერეასა და ჰამოს შენობებს, პოლკოვნიკ წერეთლის სახლს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციის შენობასა და მამულის გალავანს. ასევე, ტერიტორიაზე გაშენდა ქართული ვენახი. პარალელურად, დასასრულს უახლოვდება ტრადიციული ქართული ოდისა და სამზარეულოს შენობის მოწყობა, სადაც ქართული რესტორანი განთავსდება.
აქტიურად მიმდინარეობს ლევილის ქართველთა მამულის პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტის განხორციელება. ეწყობა გარე მოხმარებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოები და სარწყავი სისტემა; განახლებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები.
ხელოვანთა ატელიეების, შიდა გზების, ავტოსადგომებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, სექტემბრამდე კი შატოში მოეწყობა პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე; აღიჭურვება ბიბლიოთეკა, მისი საცავი და მედიათეკა; ასევე მოეწყობა ფრანგული ბაღი და შესასვლელის შენობაში განთავსდება სუვენირების მაღაზია.
"ლევილის მამულში ძალიან ბევრი სამუშაო დასრულებულია. ვფიქრობ, რომ წელს ლევილის ქართველთა მამულს საზეიმოდ გავხსნით. ეს იქნება ადგილი, საიდანაც საქართველო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავისი კულტურის, ისტორიისა და იდენტობის დიდ მნიშვნელობას", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა, ლევილის მერმა ერიკ ბრევმა და ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებმა.




