საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გრაცის სკოლაზე თავდასხმის გამო ავსტრიას სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენ ღრმად შოკირებული ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლით. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა ამ მძიმე პერიოდში. სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები ავტრიელი 21 წლის მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.