სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური ჩარტერული ფრენები განახლდება. ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის მიმდინარე წლის 11 მაისს, 25 მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და 6 ივლისს შესრულდება.

"აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ ინჩეონი - თბილისი - ინჩეონის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები გასულ წელსაც შეასრულა, 2018-2019 წლებში კი, სეზონური ფრენები სეული - თბილისი - სეულის მიმართულებით განხორციელდა.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Korean Air-ს საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2025 წლის 2 აპრილს მიანიჭა." - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.