ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Kazakhstan-ის ორგანიზებით, დედაქალაქში, ორი დღის განმავლობაში, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და სკრინინგის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მალაიზიისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე და სამედიცინო სამსახურის უფროსი თამარ სხირტლაძე, რომელთაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის მიღწევებზე ისაუბრეს.
დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ და ქრონიკული დაავადებებისა და ტრავმების განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა მებონიამ.
მონაწილეებმა განიხილეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევები, თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
Roche Diagnostics-ის ჯანდაცვის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში, ჟანარ კანიბეკოვამ აღნიშნა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილებადი დაავადებაა და თანამედროვე მედიცინის პირობებში აღნიშნული დიაგნოზით არცერთი ქალი არ უნდა იღუპებოდეს.
აზერბაიჯანის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის ონკოგინეკოლოგმა ნარგიზ ზეინალმა კი განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები ქმნის შესაძლებლობას, კოლეგებმა გააზიარონ გამოცდილება, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეროვნულ სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალსაც ეწვივნენ, სადაც სამედიცინო სამსახურის უფროსმა სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა და საქართველოში მოქმედი სკრინინგის პროგრამები, სამედიცინო სერვისები და მათი განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება გააცნო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდას, თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომების დანერგვასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგულ კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ნომერზე: 2 20 35 35.
ცენტრების მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის ქ. N1; დიდუბე, აკ. წერეთლის გამზ. N69; ვარკეთილი, კალოუბნის ქ. N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.