„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ, ახლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩართეს იგივე ძალებმა. ვხედავთ ხომ, ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირი სიყალბე, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშრებით განაცხადა. 

"საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის. კერძოდ, ამ შემთხვევაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.