შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სოფელ საქობოში ჭიაურის არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. არხი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყლის გამტარუნარიანობა და შემცირდა მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი.
ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს სამელიორაციო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას და ადგილობრივ ფერმერებს საქმიანობისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილურ პირობებს შეუქმნის. ამ ეტაპზე დრენაჟის მომსახურებაზე უკვე დაკონტრაქტებულია 110 ჰექტარი მიწის ფართობი.
არხის გაწმენდა მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწების დაცვის, ისე რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისთვის. მსგავსი ტიპის სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასა და აგროსექტორის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.




