ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მიმდინარე კვლევებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორთან ერთად, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერა.

„ფიტოსანიტარიის მიმართულების გაძლიერება საშუალებას მოგცემს, აჭარის რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს კვლევის შედეგები. დღესდღეობით, ლაბორატორია მუშაობს უახლესი აპარატურითა და აკრედიტებული კვლევის მეთოდებით, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების სანდოობას.

ამასთანავე, ბათუმის ლაბორატორიაში არსებული კვლევები ამარტივებს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია რომ ბათუმის რეგიონული ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები კი, სანდო და ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.