საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.

„მართალია, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე, თითქოს საქართველო არც კი არსებობდეს, მაგრამ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობა რუკაზე ირანის მონახვას ვერ ახერხებს, თუმცა თამამად აკეთებს განცხადებებს ირანსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში, მან ისიც იცის, რომ საქართველოს გვერდის ავლით გლობალური ეკონომიკური პროექტები ჩვენს რეგიონში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვისაც.

ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია. სამხრეთკავკასიური დერეფანი ასევე მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის, თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუნდაც ამ რეგიონში საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ისევ გააგრძელებს ტვირთების მიღებას რუსეთის გავლით, რაც ბოლომდე არც ომის პერიოდში შეწყვეტილა. ცხადია, რომ ტვირთების ნაწილს ზანგეზურის დერეფანიც მიიზიდავს და, ასეთ პირობებში, საქართველოზე გამავალი მარშრუტი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და მოხერხებული უნდა იყოს. 

თუკი ფართო რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები სრულიად საკმარისი იქნება ყველასთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი მოკლე და მოხერხებული ალტერნატივაა სხვა დერეფნებს შორის,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.