სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ დირექტორსა და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაში მონაწილეობა, დააარსა და ფლობდა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლო კომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულად წარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა.
აღნიშნული კომპანიის მეშვეობით მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც, ევალებოდა საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ ფეხბურთელების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯების მომსახურება. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საფეხბურთო კლუბის დირექტორსა და მის მოადგილესთან წინასწარი შეთანხმებით, შეადგინა მომსახურების გაწევის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები, დოკუმენტებში გაწეული მომსახურების გაზრდილი ოდენობების შესახებ ყალბი ინფორმაცია შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 21 212 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია სუსის გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი




