მე ნამდვილად ვარ იმ მოქალაქეების რიგში, ვინც ფიქრობდა, რომ ყველაზე მძიმე სცენარში, როცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წინააღმდეგობას დროული და ხელშესახები შედეგები არ მოჰყვებოდა, ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი შეიძლებოდა გამხდარიყო ის თემა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა და კრიზისის ნორმალიზება. - ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისთვის (როგორც შიდა, ისე გარე პოზიციონირებისთვის), შეიძლებოდა გამხდარიყო ახალი პოლიტიკური შეთანხმების საფუძველი, რომელიც გარკვეულწილად მაინც გადაიყვანდა ქვეყანას იმგვარი ნორმალიზების რეჟიმში, სადაც:
- გათავისუფლდებოდნენ პოლიტიკური პატიმრები;
- უკან იქნებოდა წაღებული აგრესიული ავტორიტარული კანონები მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ;
- ნაწილობრივ მაინც შეფერხდებოდა ევრონტეგრაციის პროცესის სრული დეინსტიტუციონალიზაცია (რომელსაც იმაზე მძიმე შედეგები ექნება მომავლისთვის, ვიდრე ჩვენ ვუშვებთ).
ეს იქნებოდა ორმხრივი დათმობების რეჟიმი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხრიდან, რაც კრიზისს დაძლევდა.
და მინდა ვთქვა, რომ ეს კრიზისი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება მძიმე, არამედ საბოლოოდ ყველასთვის. ამდენი ადამიანის ტანჯვა, საზოგადოებრივი პოლარიზაცია, ავტორიტარიზმის ინსტიტუციონალიზება და შემდგომი დემოკრატიზაციის შანსების შემცირება, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მოშლა და ევრონტეგრაციის აგრესიული შეჩერება ასეთ კრიტიკულ გეოპოლიტიკურ დროში - არის ისეთი მძიმე პროცესები, რომლებსაც გრძელვადიანი და უმძიმესი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე და მომავალზე (არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე).
ამასობაში ვფიქრობდი, რომ ამ შეთანხმების პროცესის მხარდაჭერა უნდა მოეხდინათ ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც მათ დაუბრუნებდა ბერკეტებს („ლევერიჯებს“) ქართულ ოცნებაზე, რომელიც ახლა სრულად დაბლაგვებულია.
ეს პროცესი ოპოზიციის გავლენებს საერთო პოლიტიკურ პროცესებში ასევე გაზრდიდა.
ეს პროცესი არ იქნებოდა გამარჯვება ნამდვილად, მაგრამ იქნებოდა შესაძლებლობა დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებისთვის - სადაც კრიტიკული დემოკრატიული ინფრასტრუქტურა გადარჩებოდა განადგურებას და უფრო ხანგრძლივ ბრძოლაში ცოტა უფრო ძლიერები დავრჩებოდით.
კი, ზოგჯერ შეიძლება ვერ გაიმარჯვო, მაგრამ შეიძლება უფრო მძიმე პროცესები დააზღვიო და პოლიტიკის სფერო სწორედ ეს არის (და უფრო მეტიც, უფრო მეტად სწორედ ეს არის).
ცხადია, აქვე ვუშვებდი, რომ დიდ ქალაქებში ოპოზიციას გამარჯვების შანსები ნამდვილად ექნებოდა (უმძიმესი საარჩევნო კანონმდებლობის მიუხედავად), რაც ასევე გახდებოდა მნიშვნელოვანი საშუალება მოქალაქეთა პოლიტიკური მობილიზაციისა და პოლიტიკური პარტიების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებისთვის.
ამ პროცესს სჭირდებოდა ოპოზიციური სპექტრის სრული მხარდაჭერა და მეტწილად ერთსულოვნება - საერთო მერობის კანდიდატები დიდ ქალაქებში და ადგილზე ინტენსიური მუშაობა დღე და ღამე (მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების დროს დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამოსწორება).
ჩემი გადმოსახედიდან, ისინი, ვინც ბოიკოტირების სტრატეგიას ეთანხმებიან, მორალურად უფრო წელში გამართულად გამოიყურებიან, მაგრამ ეს ჯგუფი ვერც ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ფორმის, სტრატეგიაზე საუბრობს სათანადოდ (რას გააკეთებენ რეალურად შემდეგი თვეების განმავლობაში, როგორ მოახერხებენ მოსახლეობასთან მუშაობას), და ვერც იმ რეალობაზე, როცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ერთი კვირა იქნება გასული და არაფერი შეიცვლება. ანუ მგონია, რომ ამ ჯგუფს კითხვაზე „და მერე რა იქნება?“ - პასუხი არ აქვს.
საბოლოოდ, რომელი სტრატეგიაც არ უნდა აერჩია ოპოზიციას, მნიშვნელოვანია, რომ არ ყოფილიყვნენ გახლეჩილები და სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ სწორედ ეს რეალობა.
თუ წარსულში ბოიკოტის მომხრეების მიმართ მქონდა ეს მძიმე კითხვა: „მერე რა იქნება?“ და პასუხს ვერ ვიღებდი, დღეს ზუსტად იგივე მძიმე კითხვა მაქვს არჩევნებში მონაწილეების მიმართ: გახლეჩილ ოპოზიციურ ამომრჩეველს როგორ დაამობილიზებთ და საერთოდ, რისი იმედი გაქვთ?
საკმარისი იქნება ლელოს, გახარიას და პირობითად სალომე ზურაბიშვილის ერთ პროცესში გაერთიანება ოპოზიციური ამომრჩევლის დასამუხტად და გასააქტიურებლად (როცა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიები სწორედ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებენ და ეს უკვე ღიად დააანონსეს)?!
მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მაკრო დონეზე პოლიტიკური შეთანხმების გარეშე (რაზეც ზემოთ ვილაპარაკე), რისი მოტანა შეუძლია? და თუ წააგებთ არჩევნებს, რეჟიმი ხომ კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირდება, უკან არ დაიხევს და ისევ იტყვის, რომ „კონკურენტულ გარემოში“ გაიმარჯვა?!
მოკლედ, ვიცი, რომ ძალიან მძიმე რეალობაში ვართ და პოლიტიკოსებს მართლაც სჭირდებათ დიდი გონიერება და სიფხიზლე (სიფრთხილეც). რთულია, ასეთ რეალობაში ვინმე დაანამუსო, თან ლიდერების დიდი ნაწილი ციხეში ზის, მაგრამ ასეთი შეუთანხმებლობა, ნამდვილად კატასტროფაა.
ასევე კატასტროფაა ამ საკითხებზე მსჯლეობის დროს ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და სხვების კოლაბორაციონისტებად მონიშვნა. 90-იანი წლების ალუზიებზე გული თქვენ არ გერევათ?!
პ.ს. მორალისთვის მაინც ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ზოგადად ხან უკან დახევა, ხან სიფრთხილე, ხან ზომიერება არ ტეხავს. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, რომ არ არიან რევოლუციის წმინდა სუბიექტები ეს ძალიან კარგად ვიცით და იქნებ გონიერები მაინც იყოთ და უფრო მძიმე რისკებისგან დაგვიცვათ ხოლმე?!
იმიტომ რომ მომავალი დაგისვამთ ასეთ კითხვასაც, რატომ არ დაიცავი ქვეყანა უფრო მძიმე შედეგებისგან ?!
პ.პ.ს წარსულ დროში პირველი სცენარი იმიტომ ავღწერე, რომ ჩემი აზრით, ამის შანსები უკვე აღარ არსებობს." - წერს თამთა მიქელაძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს
მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს