დღეს ზუსტად 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმ კურსის გამო, რომლიდანაც უკვე ვეღარ აბრუნებდა ოცნებას. დიახ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ რეგიონში მოწინავე სახელმწიფო ვიყავით და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიზიტით იმყოფებოდა. დღევანდელი ოცნებას კი მისალმება და ხელის ჩამორთმევა უკვე დიდ წარმატებად მიაჩნია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელმა პარლამენტში, ტატა ხვედელიძემ განაცხადა.
"საქართველო ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანა იყო, დღეს კიდევ საქართველოს ხელისუფლებამ გაურკვეველი საგარეო კურსი აირჩია რომელსაც მრავალვექტორულ კურსს ეძახის, სინამდვილეში კი ეს კურსი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სრული იზოლაციის და ოკუპანტის ხახაში ჩაგდების კურსია.
ოცნებამ უარი უთხრა ჩვენი დიდი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების ოცნებას გავხადოთ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რა თქმა უნდა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც იმსახურებენ ცივილურ სახელმწიფოში ცხოვრებას.
ოცნება უარს ეუბნება ქართველ ხალხს ისეთი ოჯახის წევრობაზე, სადაც მოხუცს აფთიაქში წამლის ფასი არ შეაშინებს, სადაც თავისუფალ ადამიანს ტროტუარზე განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო ციხეში არ გაუშვებენ, სადაც დროებით დანიშნული ჩინოვნიკები ვერ შეუშლიან ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ღირსეული განათლება, სადაც ადამიანები სიდუხჭირისგან თავის დაღწევის გამო არ იფიქრებენ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას და სადაც კორუფციით ნაშოვნ ფულს ყველა კორუმპირებულს უკან მოატანინებენ.
დღეს რაც ქვეყანაში ხდება ოცნებას უნდა სხვებს დააბრალოს, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ ქვეყნის იზოლაცია, ხალხის გაღარიბება, ნეპოტიზმით, სისტემური და ორგანიზებული კორუფციით გამდიდრება ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობად აქციეთ და ამ ყველაფრის დაკარგვის შიშით ანგრევთ აქამდე მიღწეულ შედეგებსაც." - განაცხადა ტატა ხვედელიძემ.




