თბილისში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გახსნეს.
დავით სონღულაშვილმა ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას ქვეყნის აგროსექტორის განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.
„ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ღონისძიების მნიშვნელობას და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღნიშნულ სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა ქმნის შესაძლებლობას, საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართოს პროფესიული მსჯელობა და განხილვა. აღნიშნული კი ხელს უწყობს დარგის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
WOAH-ის გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ვეტერინარიის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის როლზე რეგიონში.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გასულ წელს გამართული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ პროგრესში, რომელიც საქართველოს ვეტერინარიის დარგში აქვს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დარგის გაძლიერებისთვის. საქართველოს მიღწევები ნამდვილად დასაფასებელია”, - აღნიშნა ემანუელ სუბეირანმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.
„სოფლის მეურნეობის სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობის გარეშე ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვნად გართულდებოდა მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. ასევე, ქვეყნის მიერ მიღწეული სხვა წარმატებები, მათ შორის ცოფთან ბრძოლის მიმართულებით, სწორედ ამ მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგია. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა”, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და WOAH-ის დელეგატები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ვეტერინარიის სფეროში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები. დისკუსიის ფორმატში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების, ტრანსსასაზღვრო დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვის შესახებ.




