საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

„საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის საბალეტო ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართება. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით მასშტაბურია და ბევრ მსოფლიო სახელს მასპინძლობს, მათ შორის, პინა ბაუშის სახელგანთქმულ დასს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი საბალეტო ვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოდიან. სწორედ ასეთი ფესტივალები აქცევს თბილისს საერთაშორისო საბალეტო ხელოვნების მნიშვნელოვან ცენტრად“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ. 

გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“,  ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს. გალა-კონცერტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით, მაესტრო ლევან ჯაგაევი დირიჟორობდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია.

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს სახელმწიფო ბალეტის, ისე მოწვეული სოლისტები: ნინო სამადაშვილი, სალომე იარაჯული, მარიამ ლომჯარია, ფილიპო მონტანარი, ლორენცო ლოდი, მაია მახათელი, სალომე ლევერაშვილი, გიორგი ფოცხიშვილი, ანდრო ფოცხიშვილი, ბახტიარ ადამჟანი და სხვები. 

ღონისძიების დასასრულს, თბილისის ოპერისა და ბალეტის ყოფილ დირექტორს, ზურაბ ლომიძეს და საბალეტო დასის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა