თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან და ამავე კომისიის წევრთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანი დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა და გაცვლითი პროექტების განხორციელებაა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ორჰანგაზისა და იზნიქის მერებთან და ქართული კულტურის ასოციაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ამას გარდა, თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მოინახულეს. თურქეთში თბილისის საკრებულოს წარმომადგენლების ვიზიტისას ასევე, დაგეგმილია სტუმრობა მუნიციპალიტეტების ქართულ დასახლებებში, სადაც ადგილობრივი ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. შედგება შეხვედრა ქართული წარმომავლობის ბიზნესმენებთან და დიასპორის სხვა წარმომადგენლებთანაც.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ადგილობრივი დიასპორის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომლებიც თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
„ორჰანგაზსა და ბურსაში ქართული კულტურის ასოციაციები წლების განმავლობაში მოზარდების განათლების, ენისა და ტრადიციების დაცვის მიმართულებით დიდ ძალისხმევას დებენ. ისინი აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში გამართულ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებშიც. ჩვენი ვიზიტით გვინდა, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თაობიდან თაობამდე ქართულ ენას, კულტურას და ფასეულობას ინარჩუნებენ“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილსის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით იმყოფება.




