თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს თვემდე პერიოდში, ბრალდებულმა დაზარალებულები დაარწმუნა, რომ თითქოს იგი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხების ინვესტირება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში




