ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს.
სკოლის არსებულ მდგომარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩატარებული ბაზრის კვლევის შემდეგ, ფონდი უკვე ამზადებს ტენდერისთვის ტექნიკურ დოკუმენტაციას სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციის მიზნით.
პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები, მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოეწყობა სპორტული მოედანი.
პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) მოსწავლეები და პედაგოგები ისარგებლებენ უსაფრთხო, ენერგოეფექტური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოთი. - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.