ბულინგი მათი სტილია. ბულინგს მარტო ჩვენს მიმართ კი არ აწარმოებენ - ოპონენტების მიმართ, რომლებიც მტრებად მიაჩნიათ - ერთმანეთის მიმართაც აწარმოებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციის ნაწილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად გათავისუფლებული პატიმრების მიმართ წარმოებულ ბულინგზე.
შარმანაშვილის თქმით, პატიმრები ოპოზიციისთვის საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ და ვინც ამ სიტუაციიდან გამოსვლას და განსჯას გადაწყვეტს, მათთვის მტერი ხდება.
"მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში ხომ ვნახეთ ეს ოპოზიცია, გუშინდელი თანამებრძოლები, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა ლექსიკით ეპყრობიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქაც, მათი ბედი კი არ აინტერესებთ, ესენი მათთვის ხომ საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს საზარბაზნე ხორცის სიტუაციიდან გამოსვლას და დაფიქრებას და ადამიანურად განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, მტრად აცხადებენ და ამ პროცესთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ თვითონ შეუწყონ ხელი, ვინაიდან თვითონ აცდუნეს და თვითონ დააშვებინეს ეს შეცდომები, თვითონ გაუშვეს ციხეში ფაქტობრივად ამ შეცდომების გამო, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია, დაიწყოს რაღაც ისეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამენ, შუაში დგანან და ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას. ისინი ვერ იტანენ საერთოდ ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.