ძალიან, უკიდურესად სამწუხაროა, „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
" ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგებაა საპატიო მეორე ადგილისთვის. არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს ლელოს ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს.
ეს ხომ გამოცდილი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.
დღეს ვიხილეთ ლელოს მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!" - წერს თინა ბოკუჩავა "ფეისბუკში".
ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს