„ამ დარბაზში შეკრებილი ვართ ის ადამიანები, რომელთა ყოველდღიურობაც თბილისზე ზრუნვას უკავშირდება. ათასობით ადამიანი ვართ ამ სამსახურში და კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეს არის უწყვეტი შრომა, კომპრომისები, სწრაფი რეაგირება, ბრძოლა მათ შორის უხილავ პრობლემებთან და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მომავალში რეალურ ცხოვრებად იქცევა.
„დღეს ჩვენთან არიან მერის მოადგილეები, გამგებლები, სამსახურის უფროსები. ამ ბიუჯეტს ზურგს უმაგრებს ჩვენი თბილსერვისის, ბაგა-ბაღების, ეკოსერვისის, დასუფთავებისა და მერიის კიდევ სხვა არაერთი თანამშრომელი. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს მხარს დავუჭერთ, ამ და სხვა მრავალი ადამიანის შრომის შედეგია, რომლებიც ადგილზე ხედავენ პრობლემებს, უსმენენ მოქალაქეებს და პასუხისმგებლობას იღებს შედეგებზე. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ არა მხოლოდ ფინანსურ დოკუმენტს, არამედ ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას ჩვენს დედაქალაქზე. მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც ყოველდღე აკეთებთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.




