თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ „განათლების მეცნიერებები“-ის მიმართულებით ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი.
თსუ რექტორთან ერთად კურსდამთავრებულთა დიპლომებს ხელი მოაწერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა.
,,ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. ვეცდებით მომავალშიც ხელი შევუწყოთ გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ერთობლივად დანერგვას. საინტერესო იქნება, მსგავსი პროგრამები სხვა მიმართულებებზეც შევიმუშაოთ,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020 წლიდან მოქმედებს ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“. პროგრამის შექმნა ეფუძნება განათლების სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების საერთო ხედვას და მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებებისა და გამოწვევების გადაწყვეტას; ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, შეძლოს ახალი ცოდნის შექმნა და წვლილის შეტანა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის განვითარების პროცესში.
ამჟამად სადოქტორო პროგრამაზე ირიცხება 60 დოქტორანტი. ერთობლივ სადოქტორო პროგრამას უკვე 14 კურსდამთავრებული ჰყავს.