პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე უცხო ძალების მიერ მართულ საპროტესტო აქციებს მედიასთან ეხმიანება.
"ეს ყველაფერი არის იმ დავალების გაგრძელება, რომელსაც წლების მანძილზე, საუბედუროდ, იტანდა ჩვენი ქვეყანა - გარე ძალების ახირება"- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ პროტესტს ეტყობა, რომ მას უცხო ძალები მართავენ და ამას ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის ელჩების ჩართულობაც. ზაალ მიქელაძის განმარტებით, სწორედ უცხო ძალების მიერ მართული პროტესტისა და მათ მიერ სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის გამოსააშკარავებლად მიიღო სახელმწიფომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ.
„თუ ამ ერთ წელს გადაავლებთ თვალს, პროტესტი არც პირველ დღეს და არც შემდეგ დღეებში არ ყოფილა ვინმე კონკრეტული ადგილობრივი რადიკალის მოგონილი - მათ არც გონება ჰყოფნით და არც რესურსი. ეს ყველაფერი არის იმ დავალების გაგრძელება, რომელსაც წლების მანძილზე, საუბედუროდ, იტანდა ჩვენი ქვეყანა - გარე ძალების ახირება. დავალება იყო გარედან, და ადგილობრივ რადიკალებს ეს არ მოუფიქრებიათ. პროტესტსაც აშკარად ეტყობა ეს, და ამ ქვეყნის საზოგადოება ძალიან ადეკვატურად რეაგირებს ამ ყველაფერზე, არ დავიღლები მათთვის მადლობის თქმით.
ათასი სხვა მიმართულებაა, სადაც შეიძლება არსებობდეს პრეტენზიები, რაც ჩვენც გვაქვს. ბევრი საკითხი შეიძლება იყოს სადავო, შეიძლება ვიდავოთ, გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მთავარი მოცემულობა არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ამ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე. და ხელისუფლება დღეს ამას ამტკიცებს, რომ ყველაფერი პრაქტიკულად გამჭვირვალეა, არა მხოლოდ ბიუჯეტის გამჭვირვალობით, არამედ რეალური ქმედებებით.
ის შემოსავალი, რომელიც ამ ქვეყანაში შემოდის კონკრეტული დავალებების შესასრულებლად არ უნდა იყოს დამალული, ყველაფერი უნდა იყოს ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი - ჩვენი ხალხისთვისაც და სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც. სწორედ ამის გამო, ჯერ კიდევ გასულ წელს, ვადევნებდით თვალს ევროკავშირის, გერმანიისა და საფრანგეთის მაშინდელი ელჩის განცხადებებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას,“- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.




