ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. 7 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.




