"შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი პროგრამა, პროექტი, რეფორმა განხორციელდა, ამ ყველაფერს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ რევანშისა და რევოლუციის არაერთი მცდელობა დაუპირისპირა"- განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგა.

"თვალში საცემია კაპიტალურად გამაგრებული ობიექტები, კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი და განახლებული სარეკრეაციო სივრცეები. მისასალმებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და სწორად ვითარდება სატრანსპორტო პოლიტიკა.

იმ საქმეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, საანგარიშო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ რევანშსა და რევოლუციურ სცენარებს უპირისპირებდა. ამის არაერთი გამოვლინება ვნახეთ. ყველას თვალწინ გვიდგას პარლამენტის შენობის გადამწვარი ფლიგელი, მიმდებარე ტერიტორიის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების მუდმივი ბულინგი და დედაქალაქის მუდმივი პარალიზება - ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუმართლებელი ბოიკოტის რეჟიმში იყო ოპოზიცია ასევე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში.

„ამ ყველაფრის შედეგი კი 4 ოქტომბერი იყო, როდესაც ჩვენმა მოსახლეობამ ოპოზიციას „დაუფასა“ ეს „ღვაწლი“ და თითქმის ხმების გარეშე დატოვა ის დედაქალაქში. იმედს ვიტოვებ, რომ მერვე მოწვევის საკრებულოში ასეთი დემარშები აღარ იქნება და ჩვენ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ შრომას კოლეგიალურ და კონსტრუქციულ ვითარებაში განვაგრძობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.