აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან და ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბოტანიკური ბაღის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტის მნიშვნელობას.
,,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. მოვისმინე ბოტანიკური ბაღის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. შთამბეჭდავია ის პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ხელისუფლების მხრიდან იქნება მუდმივი ჩართულობა და განსაკუთრებული ყურადღება ყველა პროექტის განხორციელების პროცესში.
ვფიქრობ, ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც სამეცნიერო და ეკოლოგიური, ისე ტურისტული მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ოთხივე სეზონზე იყოს აქტიური “ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი განვითარების ახალ ეტაპზეა - ფართოვდება მისი ფუნქციები და ძლიერდება ეკოლოგიური, სამეცნიერო და ტურისტული მიმართულებები. პარალელურად, იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მაღალმთიან აჭარაში - ალპური ბოტანიკური ბაღის, მწვანე და შავი ტბების, ასევე ბეშუმის მიმართულებით. ამასთან, იზრდება ბაღის როლი ბათუმის მწვანე სივრცეების მართვის პროცესშიც.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივასა და პროექტს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასთან ერთად, ხელს შეუწყობს მას იქცეს საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების და შეხვედრების მასპინძელ პლატფორმად.




