პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, სადაც ევრობიუროკრატმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის მხარდაჭერით, აქვს შესაძლებლობა ევროპულ გეზს დაუბრუნდეს.
„ხელისუფლებას აქვს სწორი პოზიცია - მკაფიოდ არის გაცხადებული ჩვენი ეროვნული ინტერესი და ის, რომ ხელისუფლება არამც და არამც არ გადაუხვევს ამ ინტერესს რაიმე დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, ვერანაირ მოლაპარაკებებში ვერ შევა და არც აპირებს ასეთ პროცესებში მონაწილეობას“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საერთო ინტერესების პოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს აღიქვამენ როგორც თანასწორ პარტნიორს.
„პირველ რიგში, ხელისუფლებას აქვს სწორი და ცალსახა პოზიცია - მკაფიოდ არის გაცხადებული ჩვენი ეროვნული ინტერესი და ის, რომ ხელისუფლება არამც და არამც არ გადაუხვევს ამ ინტერესს რაიმე დათმობის ხარჯზე. შესაბამისად, ვერანაირ მოლაპარაკებებში ვერ შევა და არც აპირებს ასეთ პროცესებში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს შეცვლილა.
ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი დამოკიდებულება - ყველა აქტორმა, სტატუსის, სიმაღლისა და გაბარიტების მიუხედავად, უნდა გამოიჩინოს ნება და გვესაუბროს როგორც თანასწორ პარტნიორს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საერთო ინტერესების პოვნა.
ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ - კალასების, კოსების და სხვა წარმომადგენლების განცხადებებს - ნათელია, რომ ისინი რიტორიკის შეცვლას არ აპირებენ. შესაბამისად, თუ მათი მხრიდან რიტორიკა არ შეიცვლება, არც დამოკიდებულებები შეიცვლება და ასეთ ადამიანებთან სასაუბრო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს. მით უფრო მაშინ, როცა სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით ლომის წილი იმ პროცესებში, რომლებმაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებამდე მიგვიყვანა - საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეჭამა ოპოზიციური სპექტრი და რადიკალიზმისა და ტერორიზმის გზაზე დააყენა,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.




