"რაზე ფიქრობდნენ ის ადამიანები, ვინც ამ გაერთიანებაში ("საქართველოსთვის" - "ლელო") ჯერ რაღაც კონტურები დასახეს, შემდეგ არ შევიდნენ, არ ვიცი. ეს ყველაფერი, ალბათ დასრულდა ყველაზე უფრო ცუდი სცენარით მათთვის, რაც შეიძლება დასრულებულიყო." - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა, ჰერმან საბომ გადაცემაში "დღის კურიერი" განაცხადა"
"დარწმუნებული ვარ, ორივემ მიიღო პიარული ზიანი. პრაგმატულად რომ შევხედოთ, შეიძლება, "გირჩს" გვაწყობდეს, რადგან იქიდან წამოსული ხალხი, არ მგონია, რომ უფრო ნაც პარტიებს მიემხროს. სავარაუდოდ, ჩვენკენ გადმოიხრებოდა. მაგრამ, ჩვენ მაინც ვგულშემატკივრობდით ამ გაერთიანებას, თუნდაც იმიტომ, რომ ამას შეიძლება მოჰყოლოდა შემდეგ "ახლებისა" და "ნაცების" გაერთიანება. იმიტომ რომ, თუ აქეთ შეიქმნებოდა სიმძიმის ცენტრი, რომელიც მეტი იქნებოდა ცალკე აღებულ "ახლებზეც" და ცალკე აღებულ "ნაციონალურ მოძრაობაზეც," მე მგონია, რომ ბოლოს დასახელებულ პარტიებს გაუჩნდებოდათ სტიმული იმისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ. ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ ვერ ვიხილეთ ასეთი გაერთიანება.
მე მგონი, რომ ერთმანეთის ზიზღი მათი ამომრჩევლების მხრიდან, გახარიასა და ლელოს ვგულისხმობ, ბევრ ხმას დააკარგვინებდა ამ გაერთიანებას, რომლის ხმებიც არ წავიდოდა ნაცებში და წავიდოდა უფრო შუაში, უფრო ნეიტრალურ და ცალკე მდგომი პარტიისკენ და ასეთი მხოლოდ ჩვენ ვართ დარჩენილი." - განაცხადა ჰერმან საბომ.
შეგახსენებთ, "გახარია საქართველოსთვის" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მადლობას ვუხდით "ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
მოგვიანებით კი მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუკში" დაწერა: "გახარიას ამ შეთანხმების ჩაშლის გამო, მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე"
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
17 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის პრესსასამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, " ხვალ, ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს"
განცხადებამდე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა:
"ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.
მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რასაც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა: "მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს"
ხაზარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში. სადაც აცხადებს გახარიასთან შეხვედრა ერთი-ერთზე სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება, პრეზიდენტს მას შემდეგ შევხვდებით, თუ გვექნება ერთობლივი მუშაობის შესახებ ხედვა
მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში მისვლამდე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა
ყოფილმა პრემიერმინისტრმა კი განაცხადა: ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე
ასევე, გიორგი გახარიას თქმით, ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახებს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს - და მერე რა?!