გერმანიის, ბელგიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება (2025 წლის 11 ივლისი)

"ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულები და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო.

მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და დაკავებას, რაც აშკარად მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას ადგილობრივი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მათი დაკავება, ასევე, თვითნებური დაპატიმრებები და საქართველოს ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საპროტესტო გამოსვლების მშვიდობიანი მონაწილეების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების ზრდა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის ნგრევას და მის ავტორიტარულ რეჟიმად სწრაფ გარდაქმნას, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, კერძოდ საქართველოსთვის დახმარებისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემცირება. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებსა და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს კვლავ საფრთხეს უქმნის.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას; უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ცალმხრივ და მრავალმხრივ ინსტრუმენტებს, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საზიანო ზომების მიღებას.


კურსის შეცვლა ჯერ კიდევ არ არის გვიან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, შეცვალოს რეპრესიული კანონმდებლობა და  გახსნას დიალოგი ეროვნულ დონეზე ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც  საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.