საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია 

სტრასბურგი, 21.05.2024 – დღეს გამოქვეყნებულ დაჩქარებული წესით მიღებულ დასკვნაში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით, გაუქმებული იქნეს, ვინაიდან კანონში არსებული ძირეული ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს იქონიებს გაერთიანების  და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონი დაჩქარებული პროცედურის მიხედვით შეაფასა. კომისია, მწუხარებას გამოთქვამს რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.

დასკვნაში გაანალიზებულია კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ ტესტს შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედია, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამოქვეყნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა.

 იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

 

გარდა ამისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც არის ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობიარე და ასევე ძალზე საკამათო ქართულ საზოგადოებაში, რასაც ცხადყოფს  მასიური რეაქციები ქვეყანაში, მიღებულ იქნა ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის და ღიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას. საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს, ასკვნის ვენეციის კომისია. - ნათქვამია "ვენეციის კომისია და საქართველო"-ს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.