სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური
დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია, ჯამში, 28 პირი. - ამის შესახებ სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.

კერძოდ, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა
და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის  გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე,  7 პირს ბრალდება წარედგინა.

საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის
საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი, სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი
მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.

სამ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი." - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.