"როდესაც საკუთარ თავს რეალობაში ვუყურებ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ სხვებიც, რომლებსაც სინამდვილეში სულ სხვანაირი ვგონივარ" - ამბობს ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც მიიჩნევს, რომ ფილტრის გამოყენება ძალიან ცუდი იდეა იყო მისი მხრიდან.

საფრანგეთში აქტიურად დაიწყო საუბრები იმაზე, რომ ეს ძალიან ცუდ როლს თამაშობს მოზარდის ფსიქიკაზე მისი ჩამოყალიბების პერიოდში და ზოგადად, მიიჩნევენ, რომ ფილტრებს ძირითადად კომპლექსებით დახუნძლული ადამიანები იყენებენ. ისინი ამ დროს არ ფიქრობენ იმაზე, რომ შედეგი, ხშირ შემთხვევაში, მათთვის სასიამოვნო არ არის, პირიქით, ძალიან ხშირად, უკუეფექტი აქვს.

გლუვი სახის ფერი, გამორჩეულად თეთრი ფერის კბილები და სასურველი ტუჩები... ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფილტრებმა, შესაძლოა მოზარდებს დაუკარგოთ რეალობის აღქმა, რასაც შემდგომ ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. საკმარისია, რეალობის წინაშე დადგნენ და ვინმემ ამაზე მიუთითოს, შეახსენოს რომ ის სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, როგორც "გაფილტრული" ჩანს, მაშინვე დეპრესიაში ვარდებიან. პრობლემას ართულებს ისიც, რომ მათ ძალიან უჭირთ ამ "ცრუ კომფორტიდან" გამოსვლა.

ისინი ილამაზებენ ლოყებს, იკეთილშობილებენ სხეულის ნაწილებს, იმატებენ სიმაღლეს, იკლებენ წონას და იტყუებენ თავს... საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებულები რჩებიან თავადაც და მათი ინტერესის ობიექტებიც... მოვუსმინოთ, რას ჰყვება 15 წლის ლინა: ფილტრს ვიყენებ, ოღონდ ძალიან მცირე დოზით. ცოტათი ვიღიავებ სახეს და ვიფარავ დეფექტებს. არ ვიცი რატომ იცვლიან გარეგნობას ასე ძალიან, ამით ხომ ვერაფერს შეცვლიან?" - კითხულობს ის.

თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფილტრზე დამოკიდებულება გადახრად ითვლება და მას სახელად "დისმორფოფობია" ჰქვია. ამ გადახრის სამედიცინო განმარტება კი ასეთია: "პაციენტის ღრმა რწმენა იმის შესახებ, რომ მისი სხეული დროთა განმავლობაში მახინჯდება, დეფორმირდება და მიუღებელი ხდება გარშემომყოფთათვის თავისი გარეგნული შესახედაობით.".

ერთ ერთი მოზარდი ჟურნალისტს უყვება, რომ ფილტრის გარეშე მისი ყოფნა სოციალურ ქსელში აზრს კარგავს: ფილტრი რომ აიკრძალოს, მე ფოტოს აღარ დავდებ ჩემს სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ არ მომწონს ჩემი სახის ფერი, არც ჩემი წარბები, არც ჩემი ტუჩები და არც აღნაგობა. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რატომ არ არის ეს ფილტრი სულ ჩემთან ერთად?" - ამბობს ის.

რაც შეეხებათ უფროსებს მუდმივად ფილტრის გამოყენება მიუთითებს მათ კომპლექსებზე და როგორც სპეციალისტები ამბობენ, "აქედან გამოსვლა" არც ისე მარტივია