„როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება. ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 90-მდე პირი, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად. არ დადასტურდა, თითქოს გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომლებიც აკრძალული იყო და შეიცავდა ნივთიერება „კამიტს“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული." - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ „ბიბისის“ გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, სადაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაციას, რაც მითითებული იყო. გამოძიებაში დევს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ნივთიერების შესყიდვასთან და მის ხარჯვასთან. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინფორმაცია იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც შეძენილი იყო 2007-2009 წლებში. ასე რომ, აქ კითხვები აღარ არის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. ასევე რესპონდენტები არიან  ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

სტატიის გამოქვეყნები შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძეიება დაიწყო. 2025 წლის 6 დეკემბერს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

ასევე,  სუსის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ მედიასთან განაცხადა - ე.წ. კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიებას შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს