"ესენი არჩევნებით არ წავლენ!", “ნუთუ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით დამარცხება?”, ამბობენ ხოლმე აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებსაც არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის იმედი აღარ აქვთ. და მართლაც, რამდენად რეალურია არსებულ გარემოში არჩევნების მოგება?
სინამდვილეში, სხვა ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ჩვენზე ბევრად უფრო რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მოუგია ოპოზიციას. - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ამის კლასიკური მაგალითი, პინოჩეტის რეჟიმია, რომელმაც 3000 ადამიანზე მეტი დახოცა, ხოლო ათიათასობით გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. თან ვერც იმას იტყვი, რომ ქვეყანა გააღატაკა და ხალხი აჯანყდა. პირიქით, ბევრი ძალიან ეფექტიანი რეფორმაც კი ჩაატარა, მაგრამ 1988 წელს ჯერ რეფერენდუმი წააგო, ხოლო შემდეგ წელს - არჩევნებიც. 

მეტიც, არჩევნების ალტერნატივა - რევოლუცია, არჩევნებზე ბევრად უფრო რთული ამოცანაა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ოპოზიციის მხარეს მოქალაქეთა უმრავლესობა უნდა იყოს. თუმცა, ადამიანის საარჩევნო უბანზე მოყვანა შეუდარებლად უფრო მარტივია ვიდრე საპროტესტო მიტინგზე, სადაც ის შეიძლება სცემონ ან მოკლან კიდეც. ანუ თუ რევოლუცია შესაძლებელია, არჩევნების მოგება მითუმეტეს რეალურია და პირდაპირ რევოლუციაზე გადადიან ისეთ ქვეყნებში, სადაც არჩევნები უბრალოდ არ ტარდება. ბელორუსიაშიც კი, ჩვენზე ბევრად უფრო სასტიკი ავტორიტარიზმის პირობებში, ოპოზიციამ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო და მხოლოდ რუსეთის ჩარევისა და თავად ოპოზიციის ლიდერების შეცდომების შედეგად, ლუკაშენკოს რეჟიმი გადარჩა. შემთხვევითი არაა, რომ რევოლუციების დიდი ნაწილი, ზუსტად რომ ოპოზიციის მიერ მოგებული არჩევნების შემდეგ მოხდა.

ამიტომ ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს, ან საკუთარი უცოდინრობით, ან შეგნებულად, ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება ივანიშვილს. 

თუმცა პრობლემა არა მხოლოდ ამაშია. ძირითადი პრობლემა, რის გამოც ქართული ოცნება ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, ზედაპირზეა - ოპოზიციას არასდროს ჰქონია ისეთი მხარდაჭერა, რომ არავის გაჩენოდა ეჭვი, თუ რა მხარეს არის ამომრჩეველთა უმრავლესობა. 2024 წლის არჩევნების გაყალბებაზე ყველაზე რადიკალურ შეფასებებშიც კი, საუბარია ქართული ოცნების ამომრჩევლის რაოდენობის ხელოვნურად ზრდაზე წინა არჩევნებთან შედარებით, მაშინ, როცა ოპოზიციის მხარეს ჯამში 750-850 ხმაზე მეტი არ ჰქონდა. ასეთ სიტუაციაში კი, როცა შენს მხარეს მთელი ამომრჩევლის 20-25%-ია, რევოლუციაზე კი არა, მხარდაჭერის ზრდაზე უნდა იმუშაო, ჯერ არჩევნები მოიგო და მერე, თუ ოცნებამ ძალაუფლება არ დათმო, - რევოლუციაზე დაიწყო ფიქრი.
ამის ნაცვლად კი, 4-5-9-25-ს პოლიტიკოსები და აქტივისტები ამომრჩეველს და მთელ მსოფლიოს უბრალოდ უტიფრად ატყუებდნენ, რომ არჩევნები მათ მოიგეს, ისე რომ, არათუ მტკიცებულება არ დაუდიათ, არც კი უცდიათ მტკიცებულებების შეგროვება და დისკუსიასაც კი ვერავინ ბედავს ამ საკითხზე. ჰოდა თუ პოლიტიკოსი:
- „გაყალბდა-გაყალბდა“ გაიძახი, მაგრამ გაყალბებას ვერ ამტკიცებ, 
- 10 000 გამოსულ ადამიანზე 100 და 200 ათასს იძახი,
- ქუჩაში პროტესტში მონაწილეთა რიცხვი 10-ჯერ და 20-ჯერ შეგიმცირდა,
- იმ ცოტა ამომრჩევლის მოტყუებას ისევ განაგრძობ ხან „კოორდინაციით“, ხან „სიმძიმის ცენტრების“ შექმნით, ხან მორიგი „გადამწყვეტი ბრძოლის“ დაწყებით,
- და რაც მთავარია, არც კი ცდილობ ოცნების ამომრჩეველი გადმოიბირო, რა რთულიც არ უნდა იყოს ეს,
მაშინ ან დებილი ხარ, ან მოსყიდული. 

ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ასეთი აფერისტი „პოლიტიკოსები“ გვარამიას პარტიაში არიან კონცენტრირებული, პარტიაში, რომელიც 2024 წელს ბიძინას ბიძინასგანვე აღებული 40 მილიონით ებრძოდა, მერე „მოგება“ იზეიმა, დანარჩენ ოპოზიციას მანდატები დაატოვებინა და საბოლოოდ, ტრიბუნაც დააკარგინა და ათობით მილიონი ლარი დაფინანსებაც, რომელიც ახლა ყველა მათგანს ძალიან გამოადგებოდა.
ჰოდა, თუ ვინმეს მართლა აღელვებს ოპოზიციის წარმატება, დავიწყოთ საჯარო დისკუსია. შევიკრიბოთ ყველა, ვისაც ლაპარაკის არ ეშინია, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, ჩავრთოთ ლაივი და საჯაროდ გავარჩიოთ დაგროვილი პრეტენზიები და მომავლის გეგმები.

ვისაც დასამალი არაფერი აქვს, იმას არც ლაპარაკის ეშინია, ხოლო ვინც ლაპარაკს გაურბის - ის არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა და ქოცების მთავარი დასაყრდენი." - წერს რაქვიაშვილი.