საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება, რადგან ყველა პატრიარქს აქვს რაღაც თავისი ხელწერა და ხედვა, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, წინა პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს ღვაწლი და კვალი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენ ცხოვრებაში და ახალი პატრიარქიც გაჰყვება იმ გზას. მისი ნამოღვაწარი მთელი ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში არის საძირკველი და საფუძველი, თუ გავიაზრებთ, რა ჩაიბარა ნახევარი საუკუნის წინ უწმინდესმა და რამდენად ძლიერი ეკლესია დატოვა. ეკლესია არის ის ხერხემალი, საძირკველი, რომელიც წლების განმავლობაში აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, მოგყვება. ეკლესიის და სარწმუნოების წვლილი დიდია. სულ ვსვამთ კითხვებს, როგორ მოვედით დღემდე ამდენი ომების, უბედურების შემდეგ და ზუსტად რწმენაში სიმტკიცემ მოგვიყვანა დღემდე“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ის, რომ პატრიარქობის რამდენიმე კანდიდატურა იყო გამოკვეთილი, ნორმალურია და ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა ცუდი იყო ის, რომ იყო ღია პოლიტიკური ჩარევები და მცდელობა, მათ შორის, მედიების მხრიდან, რათა მოეხდინათ გავლენა ამ პროცესებზე, მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად ჩატარდა.

„მათი მიზანია ერთი, დააზიანონ ეკლესია, ამით დააზიანონ საზოგადოება და დააზიანონ ქვეყანა, მათ შორის, დააზიანონ ის ძალები, რომლებიც ამ ღირებულებებზე დგანან. 40 დღე გავიდა წინა პატრიარქის გარდაცვალებიდან და ჩვენ ვნახეთ, სად იდგა ქართველი ერი. ამან ოპოზიცია რომ შეაშინა, ხომ დავინახეთ ეს? მერე ცდილობდნენ მიწებებას, თითქოს ამ პანაშვიდებზე. რა განცხადებები ჰქონდათ მანამდე ილია მეორეზე, ხომ გვახსოვს? ის პროცესიც გვახსოვს, ეკლესიას რომ ვერ ერეოდნენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სააკაშვილმა რამდენი პოსტიც არ უნდა წეროს, რომ „ნაცმოძრაობა“ დგას ქრისტიანულ, დემოკრატიულ და ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებზე, ვიცით, სად დგანან და რა ღირებულებებს ატარებდნენ ცხოვრებაში. ულტრალიბერალები, როცა სჭირდებათ, უცებ ხდებიან ეკლესიურები“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ერთმანეთთან თავსებადი არ არის და ალოგიკურია, როცა აცხადებენ, თითქოს პატრიარქს პატივს სცემდნენ, მაგრამ მის მიერ გამორჩეულს – არა.

„ამხელა სამღვდელოებაში, ამდენ მეუფეში რომ გამოარჩევს პატრიარქი თანამოსაყდრეს, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? ხომ ვიცით, რამდენად ბრძენი ადამიანი იყო უწმინდესი და მის მიმართ თუ პატივისცემით იყავი, უფრო პატივისცემით იყავი გამსჭვალული მის მიერ გამორჩეულის მიმართ, ხომ? ჩვენ ეკლესიას არ ვერჩით, მაგრამ ეს საპატრიარქო რაღაც ორგანიზაციაა ბიუროკრატიული და საპატრიარქოს ვერჩითო, რომ იძახიან, რამ და ვინ გაყო საპატრიარქო და ეკლესია ერთმანეთისგან, ეს ხომ აბსურდია? მაგათ რომ შეუტრიალო და უთხრა თავიანთი ორგანიზაციის მიმართ, „ნაცმოძრაობას“ არ ვებრძვით, მაგრამ ვებრძვით პოლიტსაბჭოსთქო, ეს ხომ აბსურდია? ცუდი შედარებაა, მაგრამ სხვანაირად, მაგათ როგორ შევუდარო, არ ვიცი“, – განაცხადა სალუქვაძემ.