საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ სამების ტაძარში დაგეგმილ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი,
"ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ეს ღონისძიება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით. ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგანაც ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს, დასრულების შემდეგ, თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, გავავრცელებთ ჩვენ თვითონ.
გახსნა ამ კრებისა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა, ეს აღარ გადაიცემა, ხოლო საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ასეთი არის ხვალინდელი დღის წესრიგი. მანქანებით მისვლა იზღუდება, შესაბამისად, ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, მეტრო "ავლაბრიდან" იმ აღმართიდან, რომელიც მიდის საკათედრო ტაძარში. ეზოში შემოსვლა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს," - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50 პროცენტს პლუს ერთი ხმა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა.
თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა.
ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, ხვალ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, გაიმართება, სადაც საქართველოს პატრიარქს გამოარჩევენ.
კრება 13:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, გაფართოებული კრება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.




