საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ახალი ხიდის მშენებლობას საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ძველი ხიდის მიმდებარედ.
ამ ეტაპზე დასრულებულია ხიდის 4 ბურჯის მშენებლობა, მეხუთე ბურჯი დასრულების ფაზაშია. პარალელურად, მიმდინარეობს 73-მეტრიანი ლითონის კოჭების მონტაჟი. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე. არსებული ხიდი, რომელიც 1973 წელს აშენდა, ხშირად საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს, რაც დროებით ზღუდავდა მოძრაობას და დისკომფორტს უქმნიდა მგზავრებს.
ახალი ხიდი არა მხოლოდ სატრანსპორტო უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასაც მნიშვნელოვნად გაამყარებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა 2026 წლიდან შეძლებს.




