„როდესაც ასეთ ფუჭ განცხადებებს აკეთებენ, ისინი, პირველ რიგში, აზიანებენ საკუთარ რეპუტაციას. ხოლო, როდესაც კეთდება ვითარების გამოკვლევა ფაქტებზე, არგუმენტებზე, სტატისტიკაზე, რეალურ გარემოებებზე დაყრდნობით, მაშინ საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგებს,“ -  განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც NATO-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს, რის შემდეგ გაწევრიანებისთვის საჭირო პროცესი იწყება. 

ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუტეს და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების  განცხადებები საფუძველსაა მოკლებული და ეს მხოლოდ მათ რეპუტაციას ვნებს. 

„რუტეს აღშფოთება, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, რას უნდა აღეშფოთებინა, თუმცა, ნათელია  - ის ასრულებს  ე.წ. გლობალური  ომის პარტიის დაკვეთას და უნდა აღშფოთდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ეს არის ცარიელი პოლიტიკური განცხადება, რომლის უკანაც ხელშესახები არავითარი  არც ფაქტია, არც მტკიცებულება და არც სტატისტიკური ინფორმაცია. მას უბრალოდ დაავალეს და ევროპელი პოლიტიკოსების მსგავსად, გააკეთა ფუჭი პოლიტიკური განცხადება.


 ამასთან მიმართებაში, შეგახსენებთ, რომ როდესაც ასეთ ფუჭ განცხადებებს აკეთებენ, ისინი, პირველ რიგში, აზიანებენ საკუთარ რეპუტაციას. ხოლო, როდესაც ვითარების გამოკვლევა ფაქტებზე, არგუმენტებზე, სტატისტიკაზე, რეალურ გარემოებებზე დაყრდნობით კეთდება, მაშინ საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგებს. ამის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო კონკრეტულ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ამ დღეებში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, როდესაც მას დაუყადაღეს 2 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა, რადგან არ იმოქმედა საქართველოს წინააღმდეგ. ეს თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აღიარა, როცა განაცხადა, რომ თანხა დაუყადაღეს იმის გამო, რომ ის იდგა საქართველოს პოზიციისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების სადარაჯოზე.

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამის უკან არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა. მის მიმართ იყო წაყენებული წარმოუდგენელი ბრალდებები, რომელიც, სხვათა შორის, ვერ დაამტკიცეს ლონდონის სასამართლოში, ქვეყანაში, რომელიც  ცნობილია იმით, რომ ასრულებს გლობალური ომის პარტიის დავალებებს. როდესაც სასამართლომ შეისწავლა მტკიცებულებები, ის იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონოდ იყო ამოქმედებული სანქციები. 

აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა -  ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას ფულზე წვდომის შეზღუდვით, ივიწყებენ ერთ რამეს - მათ ბიძინა ივანიშვილი თავისნაირი ჰგონიათ. ადამიანებს, რომლებსაც არც სამშობლო გააჩნიათ, არც პასუხისმგებლობა აქვთ საკუთარი ხალხის მიმართ, ბიძინა ივანიშვილიც ასეთი ჰგონიათ და ავიწყდებათ, რომ ის იმ ქართული ჯიშისა და გენის მატარებელია, რამაც დღემდე მოიყვანა საქართველო და იმ ცნობილი თუ უცნობი გმირების შთამომავალია, რომლებმაც პირად კეთილდღეობას არჩიეს საქართველოს კეთილდღეობა,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.