პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილა.
„პროგრამის -„საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ 2019-2022 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარადგინა. ანგარიშის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი მიგნება.
კერძოდ: პროექტირება - მშენებლობის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ნაკლოვანება, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების ხარვეზი, რეაბილიტაციის პროექტების ნაკლოვანებები, საბანკო გარანტიების წარმოდგენისას არსებული ხარვეზები და ხელშეკრულებებში კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებები.
აუდიტის შედეგად, სსიპ−საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ სამი რეკომენდაცია გაიცა:
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დემონტირებული, ვარგისი მასალების, დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ განკარგვის გამორიცხვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობებით განსაზღვროს კონტრაქტორი კომპანიების ვალდებულება, დემონტირებული, ვარგისი მასალების აღრიცხვის და ბენეფიციარზე გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების ფონდისთვის წარდგენის შესახებ.
2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის რისკის შემცირების მიზნით, განიხილოს კონტრაქტორებთან შესაბამისი აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ანგარიშსწორების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა.
3. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რეაბილიტაციის/მშენებლობის პროექტების კონსტრუქციული ნაწილის ან/და მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სათანადო კონტროლის მექანიზმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტის უსაფრთხოების ინტერესის დაცვის გათვალისწინებით, კანონმდებლობასა და მიზანშეწონილობაზე დაყრდნობით შეფასების საფუძველზე.
მეორე მოხსენება „საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს“ შეეხებოდა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, აუდიტის შედეგად რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოვლინდა და აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტის მიმართ ორი რეკომენდაცია გასცა.
რეკომენდაციები ავტოპარკის მართვის და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად განკარგვის საკითხებს უკავშირდება.




