„გასული კვირა ერთის მხრივ დიდი ტრაგედიის კვირა იყო, ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა პატრიარქმა და მეორეს მხრივ იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ სწორად განვლილი ცხოვრების გზა რამხელა შედეგს იძლევა და როგორ აფასებს ამას ქართული საზოგადოება“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გააკეთა.
მან ქართველ ხალხს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პატრიარქის ბოლო გზაზე გასაცილებლად მისული ზღვა ხალხი იყო ნათელი მაგალითი სიყვარულზე სიყვარულით პასუხისა.
„უწმინდესის და უნეტარესის განვლილმა ცხოვრების გზამ დაგვიტოვა სიყვარულის ძალიან დიდი მაგალითი. ეს იყო მაგალითი იმისა, რომ თუ გვექნება ერთმანეთის მიმართ სიყვარული და სამშობლოს მიმართ ისეთი სიყვარული, როგორი მაგალითიც მან მოგვცა, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი იყო დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა არასდროს დამარცხდება, ყოველთვის ექნება თავისი ფესვი და ყოველთვის ეყოლება თავისი მორალური ავტორიტეტი. უწმინდესის ლოცვა გაგრძელდება მის სულიერ შვილებში, მის ნათლულებში და დარწმუნებული ვარ, იქიდანაც ილოცებს ჩვენთვის“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.




