თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, მომხდარ ფაქტს როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად სწორი და რაც მთავარია კანონიერი რეაქცია მოჰყვა.
ბექა დავითულიანის თქმით, ხელისუფლების მყისიერი მოქმედების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პოლიციელები დაკავებულები არიან და მათ შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„სისტემური დანაშაული, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ის, როდესაც სისტემა ხელს აფარებს შესაძლო დამნაშავეებს, რაც წინა ხელისუფლების დროს ნანახი გვაქვს. ამ შემთხვევაში კი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა. ხელისუფლებამ მაშინვე დაგმო მომხდარი ფაქტი და დანაშაულში ბრალდებული პოლიციელები დაკავებულები არიან. ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, როდესაც პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს სისტემა ხელს აფარებდა. ახლა კი დაკავებულ პოლიციელებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარია რაზე საუბრობს ოპოზიცია“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.




