იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი  საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი და, თითქოს, ისე იყო წარმოჩენილი ეს საკითხი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს ამ საჩივარს. უნდა ითქვას, რომ ეს საქმე ნამდვილად არის პრეცედენტული, რადგან თვითონ ეს კონკრეტული კანონი წარმოადგენს ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგიას. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილი არის, რომ არაერთ ევროპულ სახელმწიფოში  მიღებულია მსგავსი შინაარსის კანონები ან ახლა მიმდინარეობს  მსგავსი კანონების მიღება. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ნამდვილად პრეცედენტული.

ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც. მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნამდვილად ექნება და ეს არ წამოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან" (FARA) დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო და მიუთითა, რომ მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს