,,ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენდება 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით.  მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მიმდებარედ არის ახალად აშენებული პარკი, რომლითაც უკვე სარგებლობენ როგორც  ადგილობრივები, ისე დაბის სტუმრები.  მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე კარგად ერწყმის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანში მშენებარე საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,  ბაკურიანის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.

ახალ საბავშვო ბაღში პროექტით გათვალისწინებულია  შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.7 მილიონი ლარია.

დაბა ბაკურიანში უკვე დასრულდა ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია.

პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.

პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და  საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.